თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე — 37,8%-მდე დაეცა, იუწყება გაზეთი USA Today გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც გამოცემამ საფოლკის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 59% ნეგატიურად აფასებს ბეიდენის მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე, ხოლო 3,2%-მა თავი შეიკავა შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისგან.
რესპონდენტთა 46%-ს მიაჩნია, რომ ჯო ბაიდენი საკუთარ მოვალეობებს იმაზე უარესად ართმევს თავს, ვიდრე ისინი მოელოდნენ.
ამასთან გამოკითხულთა თითქმის 64%, რომელთაგან 28% დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია, წინააღმდეგია იმისა, რომ ბაიდენმა კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობის წინააღმდეგია გამოკითხულთა 58,4%.
ამასთან შეკითხვაზე, „ახლა რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“, რესპონდენტთა 40%-მა ჯო ბაიდენი დაასახელა, ხოლო 44%-მა დონალდ ტრამპი. კიდევ 11%-მა განაცხადა, რომ სხვა კანდიდატს მისცემდა ხმას.
Usa Today-სა და საფოლკის უნივერსიტეტის სოციოლოგიური კვლევის თანახმად:
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მოღვაწეობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 27,8%;
კონგრესის საქმიანობას — მხოლოდ 12%.
ამავე გამოკითხვით რესპუბლიკელი კანონმდებლების რეიტინგი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მათი კოლეგა დემოკრატებისა. გამოკითხულთა 66%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.
გამოკითხვაში, რომელიც 3-5 ნოემბერს ჩატარდა, მონაწილეობა ათასმა დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო. კვლევის სტატისტიკური ცდომილება დაახლოებით 3,1%-ია.