თბილისი, 7 ნოემბერი- Sputnik. თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა კიდევ გაგრძელდება, გარდაცვლილთა რიცხვი კატასტროფულად გაიზრდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ეპიდემიოლოგებმა საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყების შესახებ განაცხადეს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო კვირაში COVID-19-მა 365 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს მკურნალობისა და მოვლის პროცესი კლინიკებში, თუ გაგრძელდება შემთხვევების ზრდა, გაგრძელდება გარდაცვლილთა რიცხვის მატებაც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველოში საგანგაშო ეპიდსიტუაციაა და მოვლენები ვითარდება ყველაზე უარესი სცენარით სამი ძირითადი ფაქტორის გამო: ესაა ვაქცინაციის ძალიან დაბალი დონე, პირბადეების ტარების რეჟიმის არშესრულება და ხალხმრავალი შეკრებები.
ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსი გამოუვლინდა 32,8 ათას ადამიანს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 750 ათასს მიუახლოვდა.
მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო, დღეისათვის სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 33,3%, მაშინ როდესაც მასობრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 70%-ის ვაქცინაციაა საჭირო.
სიტუაციიდან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას დამატებითი შეზღუდვების შემოღების შესახებ, მათ შორის საუბარია „მწვანე პასპორტებზე“.