საქართველოში დღეს მეფე ერეკლე მეორეს იხსენებენ

ირაკლი მეორის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებასა და მოდერნიზაციაზე მიმართული რეფორმები, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის, ერეკლე მეორის უდიდეს ღვაწლს ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს, დაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
საქართველოში 7 ნოემბერს იხსენებენ ქართველ მეფეს, ერეკლე მეორეს - კახეთის ბაგრატიონთა შტოს დინასტიის ბრწყინვალე წარმომადგენელს, კახეთის (1744—1762), შემდეგ კი გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფეს (1762—1798). ერეკლეს მიზანი იყო ყველა ქართული ფეოდალური სამთავროს გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ, გათავისუფლება ირანულ-თურქული ბატონობისგან და ამიერკავკასიაში საქართველოს პოზიციების გაძლიერება.
„გილოცავთ ერეკლეობას – სახელოვანი მეფის, ერეკლე II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს. ერეკლე II იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი“, - დაწერა ღარიბაშვილმა.
უნიკალური ფაქტები მეფე ერეკლე მეორის შესახებ - წიგნის პრეზენტაცია
მისი თქმით, ერეკლე მეორის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება. მისი მეფობის დროს გაჩნდა პირველი ფაბრიკები და ქარხნები, დაიწყო სამთამადნო წარმოება, დაარსდა სასულიერო სემინარიები და სკოლები, საერო თეატრი.
ერეკლე მეორის მეფობის პერიოდში, 1783 წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც ქართლ-კახეთის სამეფო აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და ემორჩილებოდა მას საგარეო საკითხებში, ინარჩუნებდა საშინაო დამოუკიდებლობას და ეკლესიის ავტოკეფალიას.