თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ბუდაპეშტში (უნგრეთი) გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) რვა მედალი მოიპოვეს.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) ავიდნენ. აღსანიშნავია, რომ 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალი წმინდა ქართული გამოდგა. გადამწყვეტ შეხვედრაში გრიგალაშვილმა ვლადიმერ ახალკაცი დაამარცხა.
ახალკაცის გარდა ტურნირის ვიცე-ჩემპიონები ალეკო მამიაშვილი (-73 კგ) და სოფია სომხიშვილი (+78 კგ) გახდნენ.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები გიორგი თუთაშვილმა (-66 კგ), გიორგი ჩიქოვანმა (-100 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.
რვა მედალმა (2-2-3) ქართველ ძიუდოისტებს საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილის დაკავების საშუალება მისცა. გამარჯვებული გახდა რუსეთის ნაკრები (3-1-3), ხოლო მესამე ადგილი - გერმანიამ (2-3-3).
7 ნოემბერს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საფრანგეთის გუნდი იქნება.