დაპირისპირება სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე: დაკავებულია 7 პირი

სალხინოს მონასტერთან ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ადამიანმა ტაძარში შესვლა სცადა, სადაც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ წირვა ჩაატარეს.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დღეს დილიდან დაპირისპირება იყო, პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა, იუწყება „პირველი არხი“.
მონასტერთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა იქ შეკრებილებმა ეზოში შესვლა სცადეს. მათი განცხადებით, ტაძარში წირვაზე დასწრება სურდათ, პოლიციამ კი მათ ამის საშუალება არ მისცა.
შსს-ს ცნობით, ექვსი პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს. ასევე მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.
ბრძოლა ჭყონდიდის ეპარქიისთვის: მარტვილში სასულიერო პირები დააკავეს
დაკავებულებს შორის იყო მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ განკვეთილი ორი სასულიერო პირი - მამა მარკოზი და მორჩილი შალვა.
დღეს ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინეს მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ.
ქადაგებისას მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამართლიანობა აღდგა.
„ღვთის წყალობით, ჩვენ დღეს აღვასრულეთ წირვა სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს ყველასთვის დიდი გაფრთხილება, რომ უფალი თავის ეკლესიას არავის მისცემს და არ ჩააბარებს თვითნებობისთვის, თავისი ინტერესების გატარებისთვის. ღმერთმა მოგვცა ძალა, რათა ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი. დღეიდან უკვე აქ მსახურება აღესრულება ისე, როგორც შეეფერება ამ მონასტერს და ხვალიდან გაგრძელდება ჩვეულებრივი ცხოვრება, მონასტრული, როგორიც აქ უნდა იყოს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
ამასთან, მიტროპოლიტის განცხადებით, მის მიერ განკვეთილ სასულიერო პირებს ბალდისა და წაჩხურუს მამათა მონასტრებსაც დაატოვებინებენ.
სალხინოს მამათა მონასტრის ეზოს შესასვლელებთან სამართალდამცველები რჩებიან. ადგილზე იმყოფება მრევლის ნაწილიც.
კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში – ეკლესიისგან განკვეთილი მოძღვრები არ ნებდებიან
მონასტრის ტერიტორიაზე შეხლა შემოხლას ადგილი რამდენიმე დღის წინაც ქონდა. მონასტერში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები მივიდნენ და ეკლესიიდან განკვეთილ ბერებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. ბერებმა წასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. შედეგად გამოიძახეს პოლიცია და სამართალდამცველებმა ბერები მონასტრის ტერიტორიიდან ძალით გაიყვანეს.
კონფლიქტი ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიას ჩამოშორებული მეუფე პეტრეს ადგილზე 2021 წლის თებერვალში ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) დანიშვნის შემდეგ დაიწყო. მღვდელმსახურებისა და მრევლის ნაწილმა ეპარქიის ახალი მეთაურის აღიარებაზე უარი განაცხადა. მეუფე სტეფანემ ეკლესიიდან რამდენიმე ბერი და მღვდელი განკვეთა.
დაძაბული დილა ჭყონდიდის ეპარქიაში – დაკავებულია ხუთი ბერი
ეპისკოპოსი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა 2019 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მიმართ მკვეთრი განცხადებების გამო ეკლესიას ჩამოაშორა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა. ცაავას ბევრმა მღვდელმსახურმა და მრევლის ნაწილმა დაუჭირა მხარი და ისინი დღემდე არ ცნობენ ახალ მიტროპოლიტს.
საქართველოს საპატრიარქომ ბერებს ჭყონდიდის ეპარქიაში კატეგორიული მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მათ დაეტოვებინათ მონასტერი. ბოლო ვადა 4 ნოემბერი იყო.
ბერები აცხადებენ, რომ ისინი ეკლესიიდან უკანონოდ განკვეთეს.