ლევან თედიაშვილი საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა

„მეოთხე ბრაიტონი“ – საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი-კანდიდატია. ის ფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.
კერძოდ, საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა და მსახიობმა ლევან თედიაშვილს. გარდა ამისა ფილმს გადაეცა „ფიპრესის“ ჯილდო (კინოკრიტიკოსების პრიზი) და ეკუმენიური ჟიურის პრიზი.
„ლევან თედიაშვილმა მიიღო საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის პრიზი, რომელიც შეადგენს 5 ათას ევროს. მეორე პრიზი იყო „ფიპრესის“ პრიზი და მესამე – ეკუმენიური ჟიურის პრიზი“, – განუცხადა „პირველ არხს“ ლევან კოღუაშვილმა.
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი გერმანიაში, 2-7 ნოემბერს გაიმართა.
„მეოთხე ბრაიტონი“ – საქართველოს სახელით „ოსკარზე“ წარდგენილი ფილმი-კანდიდატია. ის ფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი.
ლევან კოღუაშვილის ფილმი გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის, კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების გამო დადებული ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში კახის პერსონაჟს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ამასთან, ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
საერთაშორისო კინოფესტივალი კოტბუსში პირველად 1991 წელს გაიმართა და იმ დროიდან აღმოსავლეთ ევროპის მთავარ ფესტივალად მიიჩნევა.