თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციაა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა ჩატარდეს რუსთავის ციხის შენობაში, სადაც ის სასჯელს იცდის.
წინასწარი ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს უნდა შედგეს.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და ბუნებრივია ყველა სამართლებრივ საშუალებას გავყვებით ამის მისაღწევად. შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ჩატარდეს სხვა ადგილზეც და ჩვენი მკაცრი რეკომენდაციაა, რომ პატიმარი არ იყოს გაყვანილი მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა.
„სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვალდებულები ვართ დავიცვათ იგი და მართლწესრიგი. თუ იქნება გარკვეული პროვოკაცია შემდეგ ვინ აგებს ამაზე პასუხს? არ შეიძლება, რომ მთელი ძალა იყოს მიმართული პროვოკაციის არიდებაზე“, - განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის ადვოკატებმა ადრე განაცხადეს, რომ დაცვის მხარე უარს იტყვის ექს-პრეზიდენტის საქმის დისტანციურ განხილვაზე.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.