გორში მამა-შვილი დაჭრისა და ძალადობის ფაქტზე დააკავეს

ორ მამა-შვილს შორის ფინანსური დავა ერთ-ერთის დაჭრით დასრულდა
Sputnik
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გორში პარასკევს ერთი მამაკაცი დაჭრეს, ხოლო მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
კერძოდ, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ.
მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ნ.-მ მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, გორში, ფინანსური დავის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - 1972 წელს დაბადებული რ.გ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ.-ს შვილმა, ტ.ნ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იქვე მყოფ რ.გ.-ს შვილს, 2001 წელს დაბადებულ ს.გ.-ს.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნავენ უწყებაში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.