თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით, საქართველოს იტალიელი კლიმატოლოგი ეწვია, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, იტალიელი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი გელათის სამონასტრო კომპლექსს საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით ესტუმრა.
ვიზიტის მიზანი UNESCO-ს ეგიდით სამონასტრო კომპლექსში დამატებითი კვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის შედგენაა, რათა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად მთავარი სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.
ვიზიტი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. სამინისტროს ინფორმაციით, მასარისთან ერთად ექსპერტთა დელეგაციაშია მარიო პულიერი, რომელიც გელათის კედლის მხატვრობაზე მიმდინარე თვის ივნისში განხორციელებული საექსპერტო დასკვნის ერთ-ერთი ავტორია.
„ალესანდრო მასარის ვიზიტის მიზანია ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა და კედლის მხატვრობის მდგომარეობასა და მიკროკლიმატურ პირობებს შორის კორელაციის დადგენა, ხოლო კედლის მხატვრობის სპეციალისტი მოახდენს ტაძრის ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგს, რის შედეგადაც დაიდება შესაბამისი დასკვნები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კულტურის სამინისტროს ცნობით, UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისს შედგა, რომლის დროსაც ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი; ძეგლის გადახურვის სპეციალისტები: უგო ტონიეტტი, სარა სტეფანინი) გელათში არსებული მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა. სპეციალისტებმა საექსპერტო დასკვნები, სადაც ასახული იყო არსებული მდგომარეობა და ექსპერტთა რეკომენდაციები, სამინისტროს აგვისტოს დასაწყისში წარუდგინეს.
UNESCO-ს რეზოლუციაში გელათი მოხსენიებულია იმ ძეგლებს შორის, რომლებიც რესტავრაციის პროცესში არაპროფესიონალიზმის ან უხარისხო მასალების გამო დაზარალდა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სამონასტრო კომპლექსის სახურავზე სარესტავრაციო სამუშაოების შეფერხება კვლავ აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიებში მოზაიკა და კედლის მხატვრობა დააზიანა.
2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. დროებითი გადახურვა დარჩება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების დაზიანებული კრამიტი არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი უნდა დაამოწმოს ლაბორატორიულმა კვლევებმა და ექსპერტების დასკვნებმა.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.