თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. მომიტინგეები კარვებს შლიან რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს იხდის და 37-ე დღე შიმშილობს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, და იქ ღამის გათენებას აპირებენ, ადგილიდან იტყობინება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
კარვები ციხის შესასვლელთან არის გაშლილი. მომიტინგეები იქ დარჩენას აპირებენ მთელი ღამისა და მომდევნო დღეების განმავლობაში, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
რუსთავში მიმდინარე აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნებია - ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი სცენასთან შეიკრიბნენ, მათ უკავიათ დროშები და ლოზუნგები „თავისუფლება სააკაშვილს“.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.