საქართველოში „მწვანე წყალბადის“ პოტენციალის შესწავლა იწყება

საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში „მწვანე წყალბადის“ პოტენციალის შესწავლა და სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარების საპილოტე პროექტი იწყება, შესაბამის დეკლარაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და გერმანიის განვითარების ბანკმა (KfW) მოაწერეს ხელი.
დეკლარაციას მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და გერმანიას შორის სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც თბილისში ტარდება.
დეკლარაციის ძირითადი მიზნებია: საქართველოში „მწვანე წყალბადის“ პოტენციალისა და სარგებლის შეფასება, პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას და შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განსავითარებლად.
საქართველოს და გერმანიის მთავრობები თანამშრომლობის გეგმებს განიხილავენ
დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდას, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდას, ნახშირბადის ემისიების შერბილებას და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნას.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო უკვე გაჩნდა „მწვანე წყალბადის“ შესწავლის რუკაზე. ენერგეტიკის განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს საპილოტე პროექტის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში „მწვანე წყალბადის“ პირველ წარმოებას შექმნის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
თურნავას განმარტებით, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც არის განახლებადი ენერგიის წყაროები, გადაიყვანოს ელექტროენერგია „მწვანე წყალბადში“.
„შედეგად, შესაძლებელი იქნება ენერგიის ტრანსპორტირება განახლებადი ენერგიის პროექტებით გაჯერებული რეგიონებიდან ენერგეტიკული დეფიციტის მქონე რეგიონებში. ეს არის მომავლის ტექნოლოგია და ძალიან გვეამაყება, რომ საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით ამ ტექნოლოგიას რეალობად აქცევს“, - აღნიშნა თურნავამ.
ეკოტურიზმი საქართველოში: რა გაკეთდა დარგის განვითარებისთვის 2019 წელს
ენერგიის განახლებული წყაროების შესახებ დეკლარაციასთან ერთად, ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმად საქართველო 5,2 მლნ ევროს მიიღებს.
აღნიშნულ თანხას საქართველო გრანტის სახით მიიღებს პროექტისთვის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება - საქართველო“.
საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წინა სამთავრობო მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 2019 წელს გაიმართა, გერმანიამ საქართველოს გამოუყო 188,5 მილიონი ევრო, საიდანაც 53 მილიონი ევრო არის გრანტი.