თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას შაბათს თბილისის ნაცვლად რუსთავის ციხესთან გამართავს, სადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, განაცხადა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ.
მანამდე ოპოზიციამ 6 ნოემბრისთვის თბილისში დიდი საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელსაც რეგიონებიდან მათი მხარდამჭერებიც უნდა დასწრებოდნენ.
„ვითარება არის მძიმე. მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითი დღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ეს ისტორიული უსამართლობა აღვკვეთოთ. არ დავუშვათ ის, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოგვაჩენს. ამიტომაც ხვალ, 17:00 საათზე ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან. ეს აქცია იქნება მზარდი და პერმანენტული“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, პროტესტი სისტემატური ხასიათის იქნება და მას საქართველოს რეგიონებიდან ეტაპობრივად შეუერთდებიან მათი მხარდამჭერები.
„ჩვენ არ დავიშლებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ ვუშველით და არ მივაღწევთ იმას, რომ იგი გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, სანამ იგი კომაში ჩავარდნილა", – განაცხადა მელიამ.
რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი 36-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატები ბოლო დღეებში ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ. მსგავს განცხადებას აკეთებს სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.