თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2021 წელს 7,5%-ის დონეზე პროგნოზირებს.
ამგვარად, EBRD-მ საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3 საპროცენტო პუნქტით გაზარდა. აქამდე საინვესტიციო ბანკის პრონოზი 4,5% იყო.
EBRD-ს პროგნოზის გაზრდის მიზეზი პირველ რვა თვეში ეკონომიკის ძლიერი ზრდა გახდა.
2020 წელს ეკონომიკის 6,2%-ით ვარდნის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების, საწარმოების ბრუნვის ზრდა. წლის დასაწყისიდან რვა თვეში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს.
რაც შეეხება 2022 წლისთვის მშპ-ის ზრდას, ის 5,5%-ზე უცვლელი დარჩა. EBRD-ს ექსპერტების აზრით, ქვეყნის ეკონომიკისთვის ძირითადი რისკები უკავშირდება ვაქცინაციის ნელ ტემპს, კორონავირუსის პანდემიის განვითარებას, მგზავრობის შესაძლო შეზღუდვებს, ასევე გაზრდილ პოლიტიკურ არასტაბილურობას.
EBRD ასევე აღნიშნავს, რომ პროგნოზი გაურკვეველია კორონავირუსის მომავალი გავრცელების რისკებთან, გარე პირობების შესაძლო გაუარესებასთან და სავაჭრო პარტნიორების უფრო სუსტ ზრდასთან დაკავშირებით.
EBRD მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში. ბანკმა 2020 წელს ქვეყნის 16 პროექტში 630 მლნ ევროს ინვესტიციები ჩადო, რაც წინა წლის ინვეტიციებს ორჯერ აღემატება. ბანკმა უზრუნველყო საგანგებო ლიკვიდურობა და ბრუნვის კაპიტალი კერძო სექტორის კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის მხარდასაჭერად.