მაქინაციები თბილისში მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით – დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

დაკავებული დედაქალაქში მიწის ნაკვეთების მითვისებას ცდილობდა, რომელთა საბაზრო ფასი 16 მლნ ლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობის სხვისი ქონების მითვისება და დოკუმენტების გაყალბება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული სხვა პირების დახმარებით ცდილობდა თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი 47,8 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ორი მიწის ნაკვეთის მითვისებას. მან გააყალბა კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავის სახელზე დარეგისტრირებულ კომპანიაზე.
რუსეთის მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც ის მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვასა და ამ გზით 200 ათასი დოლარის მიღებას ცდილობდა.
მილიონიანი აფერა: ბიზნესმენი ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებაში ამხილეს
გამოძიების პერიოდში მიწის ნაკვეთებს ყადაღა დაედო.
წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 16 მლნ ლარს აღემატება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლებით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიება ასევე ადგენს დანაშაულში მონაწილე სხვა პირებს.