„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა

საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.
Sputnik
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ციტრუსის მოსავლის ასაღებად ემზადებიან, სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით აჭარაში უკვე შეიქმნა ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან და ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება.
აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა დასრულდა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო შტაბი მიზნად ისახავს როგორც ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ისე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება „ცხელი ხაზი“, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.
წელს საექსპორტო მანდარინს 30-მდე ციტრუსის საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტული მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს Georgian industrial Asset Management Group განახორციელებს.
აჭარაში ციტრუსების საადრეო ჯიშების კრეფა უკვე დასრულდა. 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ჯამში 245 ტონამდე საადრეო ჯიშის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.
საქართველოდან მანდარინი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში გადის.