COVID-19 - ბოლო ცნობები

ვაქცინაციის მარათონს საქართველოს პრეზიდენტი უერთდება

სალომე ზურაბიშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, მედიკოსებთან ერთად რეგიონები შემოიაროს და მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდოს.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში ვაქცინაციის მარათონს უერთდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
ვაქცინაციის მარათონი საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პირველ ეტაპზე სპეციალისტები განმარტებით სამუშაოს ჩაატარებენ 68 დასახლებულ პუნქტში, სადაც დაახლოებით 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მარათონის პირველი ათი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში 2.500 ადამიანი აიცრა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თამარ გაბუნია: ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში დაგვეხმარებოდა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარათონი ჩატარდება არა მხოლოდ სოფლებში, არამედ საქართველოს ათ ქალაქშიც. ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ფოთი და ოზურგეთი. მისი მიზანია მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლის 60%-მდე გაზრდა.
გამყრელიძის თქმით, მთავრობა მარათონის მოდიფიცრებას გეგმავს. პრეზიდენტმა დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მარათონში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

„დღეს ქალბატონი პრეზიდენტი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას და მან გამოთქვა სურვილი რეგიონებში აქტიური მოგზაურობის და აცრების ადვოკატირებისა და პრომოციის. ასევე ქვეყნის პირველი პირებიც ჩაერთვებიან. დაგეგმილია ასეთი ტიპის ღონისძიებები მომავალი ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყნის მეთაურმა გუშინ სპეციალური ბრიფინგი გამართა და შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო. სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, სავალდებულო ვაქცინაციისა და არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის ფასიანი მკურნალობის შესახებ.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 5.206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი. გუშინ აიცრა 3.469 ადამიანი. ქვეყანაში სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 33,1%.