„ქართულად ლაპარაკი მომენატრა და ჩამოვედი“ – გორელი მოქანდაკის ცნობილი სკულპტურები უცხოეთში

პერიოდულ რუბრიკაში „დაბრუნებულები“ იმ ქართველებს გაცნობთ, ვინც უცხოეთში წლობით ცხოვრების მერე მაინც ვერ გაუმკლავდა ნოსტალგიას და სამშობლოში დაბრუნდა.
Sputnik
ასეთები, ხშირ შემთხვევაში, თავის სფეროში უკვე შემდგარი ხალხია, მათ შორისაა გორელი მოქანდაკე და ფერმწერი უშანგი ქუმელაშვილი. იგი ჯერ რუსეთში, მოსკოვში ცხოვრობდა. ამის მერე გაემგზავრა ამერიკაში, სადაც 33 წელი დაჰყო. ბევრისგან გამორჩეული, ღირებული და ფასეული ხელოვნების ნიმუშები ორივე ქვეყანაში შექმნა, ამდენად, თავისი შემოქმედებით საკუთარი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ამ უცნაურ, ნიჭიერ კაცს გორში თავის სახელოსნოში ვეწვიეთ.
როგორც ჩანს, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა იმ ადგილს უბრუნდება, სადაც ყველაზე ლაღი და ბედნიერი იყო. ერთ მშვენიერ დღეს, 33 წლის განშორების მერე, თავის სამშობლოში ბატონი უშანგიც დაბრუნდა, გორში სახელოსნო გახსნა და დღეს მშობლიურ ქალაქში ქმნის და ხატავს. უცხოეთის ამბებს კი უკვე შორიდან, მაგრამ დაუფარავი სიამაყით იხსენებს.
უშანგი ქუმელაშვილი
- ბატონო უშანგ, თავიდანვე მინდა გკითხოთ – უცხოთში ამდენი წლის ცხოვრების მერე უკან რამ დაგაბრუნათ?
- იცით რა, მომწყინდა სხვა ენაზე ლაპარაკი, ქართულად ლაპარაკი მომენატრა და ჩამოვედი... საქართველოში წლებია არ მიცხოვრია და რაც აქ ვარ, კი არ გავიხსენე ქართული, მგონი, თავიდან ვისწავლე. დღეს ბევრი ენა ვიცი, მაგრამ, იცით, ქართულის მერე რომელია ჩემთვის ყველაზე კარგი ენა? – სიჩუმის ენა, ანუ ქანდაკების ენა, რომელიც ყველაზე მეტყველი და მარადიულია.
ქართველ მოქანდაკეზე პუბლიკაცია „დეილი ნიუსში“
- დასავლეთში, სადაც ცხოვრების და ურთიერთობების ჩვენთან შედარებით განსხვავებული კულტურაა, ყველაზე თვალშისაცემი თქვენთვის რა იყო?
- იქ არ ტირიან და სიცილითაც აღარ იცინიან. თუ იცინიან, გულით არა, მარტო ტუჩებს გასწევენ ხოლმე განზე. დასავლეთში ასეა მიღებული – საკუთარი ემოციებით სხვა არ უნდა შეაწუხო, იქ ასეთი კულტურაა. ანუ მე რომ ვტირი, თქვენ რა დააშავეთ? გტკივათ? – მოითმინეთ. ვიღაცას დედა მოუკვდა? – იმან ხომ არ იცის, როცა მე დედა მომიკვდა უჩემოდ რომ დამარხეს?.. ნათქვამია, ერთი ადამიანი იმიტომ ტიროდა, რომ ფეხსაცმელი არ ჰქონდა, მეორე კი იმიტომ ტიროდა, რომ ფეხები არ ჰქონდაო.
გორში საკუთარ სახელოსნოში
- რუსეთში ცხოვრების დროს თქვენს რომელ ნამუშევარს თვლით ყველაზე წარმატებულად?
- მე ვიმუშავე ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნების სკულპტურაზე, როგორიც იყო კონსტანტინე ციოლკოვსკი – საბჭოთა მეცნიერი, კოსმონავტიკის მამა, რომელმაც კოსმოსური ფრენისთვის რაკეტის პირველი მოდელი შექმნა. ის იყო პოლონური წარმოშობის ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც კალუგაში ცხოვრობდა. ისევე, როგორც ყველა ნიჭიერი, უცნაური კაცი იყო, ამიტომ ყველას გიჟი ეგონა და ქვებს ესროდნენ. არადა, გენიალური პიროვნება იყო.
სტატია უშანგ ქუმელაშვილზე გაზეთ „ლოს-ანჯელეს ტაიმსში“
- მისი ქანდაკების დამზადება თქვენ გთხოვეს?
- დიახ, მე მითხრეს, ასეთი ნიჭიერი რომ ხარ, რაიმე მოიფიქრეო. მაინტერესებდა ეს კაცი, ამიტომ როცა მოსკოვში მოვხვდი, არქივებში დავიწყე სიარული და მასზე ამბებს ყველგან ვკითხულობდი. როცა აღმოაჩინეს, რომ ის კალუგაშია დამარხული, მისი ქანდაკებისთვის კონკურსი გამოცხადდა. დავიწყე ფიქრი, როგორი უნდა ყოფილიყო. ერთხელაც მარტო ვარ და ვხედავ, მაგიდიდან ფურცლები ძირს დამეფანტა. როცა ჰაერში მოფარფატე ფურცლებს დავაკვირდი, მაშინვე მიხვდი და წარმოვიდგინე – რა უნდა გამეკეთებინა! არადა, უმეტესობამ რაკეტების ფიგურები მოიტანა. ჩემს სკულპტურაში მთავარი იყო გაფრენა. მოკლედ, იმ კონკურსზე ამ ნამუშევარმა გაიმარჯვა. ასე გავხდი ავტორი ციოლკოვსკის სკულპტურისა, რომელიც დღეს მის საფლავზე დგას.
უშანგი ქუმელაშვილის სკულპტურის ფოტო
- რუსეთიდან სრულიად სხვა სამყაროში – ამერიკაში გადახვედით საცხოვრებლად. რით იყო ის პერიოდი განსხვავებული?
- მოსკოვიდან წამოვედი 1987 წელს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. იმ დროს უცხოეთში არავინ მიდიოდა. მახსოვს, სკოლაში ოროსანი ვიყავი და ფაქტობრივად ტყეში გავიზარდე. ამერიკაშიც სულ მარტო ვიყავი ხოლმე. გავაკეთებდი ნამუშევრებს, გამოფენაზე გავიტანდი და მორჩა! მერე სულ მარტო ვმუშაობდი. თუ შეკვეთას მომცემდნენ, დიდი ხნით ჩავიკეტებოდი სახელოსნოში და ვმუშაობდი. ამერიკამ თავისუფლება არ წამართვა – იქ არავინ მეკითხებოდა, სად ხარ, სად მიდიხარ.
უშანგი ქუმელაშვილის სკულპტურების ფოტოები
- ანუ თავისუფლების ამგვარი ფორმა თქვენთვის ყველაზე მისაღებია?
- ასეა და ეს თავისუფლება მიხაროდა. ელემენტარულს გეტყვით – თუნდაც არასწორად მქონოდა პერანგის ღილები შეკრული და ასე მევლო, არავინ მკითხავდა, რატომ გაქვს ასე შეკრულიო. აქ კი ყველა გამოგედევნება და მიგითითებს. არადა, ადამიანში სხვა რამ უნდა დაინახო, ის, რაც არასწორად შეკრულ ღილებზე მთავარია, მაგრამ ერთი შეხედვით არ ჩანს. ყველაფერს ფიქრი უნდა, მაგრამ ჩვენ ამის დრო არ გვაქვს. მოკლედ, ამერიკამ, აი, ეს თავისუფლება არ წამართვა. თანაც, მე ხომ არაფერს ვაშავებდი, რომ დამეშავებინა, ისევე, როგორც ყველას, თავისუფლებას მეც წამართმევდა. დღეს მე ამერიკის მოქალაქეობა მაქვს და კმაყოფილი ვარ იმით, რომ იქ არავის ვალი არ ამიღია.
უშანგი ქუმელაშვილის ნამუშევრები ჟურნალში
- ამერიკაში შექმნილიდან რომელი ნამუშევრით ამაყობთ?
- ჰოლივუდში ნიკოლო პაგანინი დავხატე. არადა, მისი პორტრეტი არ არსებობს, ჩემი წარმოდგენით დავხატე და ჩემ მიერ შექმნილი მისი პორტრეტი ჰოლივუდმა მიიღო. ამერიკისთვის ერთი-ერთი ყველაზე მთავარი მწერალი მარკ ტვენია, დიდი კოსმოპოლიტი და კარგი ადამიანი. ბევრი ვიარე ბიბლიოთეკებში, რათა მისი ცხოვრება კარგად შემესწავლა და ეს მწერალი ძალიან მომეწონა. ამიტომ ერთ დღესაც მარკ ტვენის პორტრეტი შევქმენი, რომელიც დღეს მუზეუმშია, იმ ქალაქში, სადაც მისი პირველი მოთხრობა დაწერა.
უშანგი ქუმელაშვილი
- ჩვენთან რომელი ცნობილი ქართველის სკულპტურა შექმენით?
- საქართველოში ცნობილი მკურნალის ბიჭიკო ასკურავას სკულპტურა გავაკეთე. როცა მის სახეს შევხედე, საინტერესოდ ჩავთვალე. ის ლამაზი არ იყო, მაგრამ როცა კარგად შეხედავდი, დაინახავდი, რომ ეს ადამიანი შიგნიდან ანათებდა, ბრწყინავდა, როგორც დამალული ოქრო. ამიტომ გავაკეთე მისი სკულპტურა, რომლის გახსნაზეც მცხეთაში ბევრი ხალხი მოვიდა.
- გავიგე, თურმე თენგიზ არჩვაძის სკულპტურული ქანდაკებაც გააკეთეთ. საკმაოდ თავმდაბალი ადამიანია და მისი დათანხმება ადვილი არ იქნებოდა...
- მე როგორც გავიგე, მას ბევრმა ხელოვანმა სთხოვა, რომ მისი ქანდაკება გაეკეთებინა და ყველას უარი უთხრა. მე და ენრიკო ჯანელიძემ ეს კაცი ერთად გავიცანით. იმ შეხვედრის მერე ენრიკოს უთხრა, ჩემი ქანდაკება უშანგიმ გააკეთოსო. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და როცა ეს ადამიანი აღარ იქნება, კულტურის სამინისტროშიც იციან უკვე, რომ კოტე მარჯანიშვილის თეატრში სწორედ ჩემი ნამუშევარი დაიდგმება. ამჟამად ამ დიდ მსახიობს თავისი პორტრეტი სახლში აქვს.
- ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონდათ, დღეს შეგიძლიათ თქვათ, რომ ბედნიერი ხართ?
- დიახ, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი კაცი ვარ. რადგან სადაც წავედი, ყველგან ხელოვნებას ვემსახურე და ჩემი შრომაც სათანადოდ დაფასდა. დღეს კი ისევ ჩემს სამშობლოში ვარ და ჩემ შემოქმედებით გზას აქ ვაგრძელებ...