სააკაშვილს გულის პრობლემები დაეწყო - ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმი

ყიფშიძემ აღნიშნა, რომ პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან არასტაბილურია და მან თავისი წონის 10% დაკარგა
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი - Sputnik. მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ექს-პრეზიდენტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ განაცხადა.
ყიფშიძის თქმით, რომელმაც რუსთავის №12 ციხე გვიან საღამოს დატოვა, სამედიცინო ტესტები პასუხები გაუარესდა, სააკაშვილი დასუსტებულია და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის.
„დღეს მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან ყველა პარამეტრი. წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო ერთი კვირის წინ, ახლა შედეგები არის უარესი. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
„არასოდეს“: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს
სააკაშვილის პირადი ექიმის თქმით, ექიმების კონსილიუმი კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ პარასკევს შეიკრიბება.
სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.