სააკაშვილის დედამ ზელენსკის ექს-პრეზიდენტის უკრაინაში ექსტრადირების თხოვნით მიმართა

გიული ალასანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის ციხეში არსებულ საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს, სადაც ასეთი ავადმყოფების სამკურნალოდ პირობები არ არსებობს.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდა, დაეხმაროს მის შვილს და ორგანიზება გაუწიოს მის გადაყვანას ქართული ციხიდან უკრაინაში სამკურნალოდ.
სააკაშვილს გულის პრობლემები დაეწყო - ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმი
სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ქვეყნის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი.

„ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ. მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ დაგვეხმარა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. საჭიროა როგორმე ორგანიზება გაეწიოს მიხეილის აქ, უკრაინაში გადმოყვანას, რათა აქ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, შესაბამისი მოვლა და როგორმე გადარჩეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ ვიდეომიმართვაში, რომელიც ხუთშაბათს სააკაშვილის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.
„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ?! ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს არავის აწუხებს. ერთადერთი, რასაც სთავაზობენ ჩემს შვილს, ციხის საავადმყოფოა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, საერთოდ არ არის პირობები ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარზეა – ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.