არჩევნები 2021

საქართველოს პრეზიდენტმა დედაქალაქის ახლადარჩეულ მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად ეფექტიანი საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ორბელიანების სასახლეში მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კალაძის წინასაარჩევნო კამპანია გამორჩეული იყო და მას არ ჰქონდა გამოყენებული ე.წ. სიძულვილის ენა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის კონკრეტული პრობლემების მოგვარება სწრაფად და ეფექტიანად გაგრძელდეს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. დედაქალაქში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატმა და მოქმედმა მერმა კახა კალაძემ გაიმარჯვა, მან ხმების 55,6% მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 44,4%. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.