არჩევნები 2021

„ოპოზიციის ოაზისი“ საქართველოში ანუ წალენჯიხის განვითარების პერსპექტივები

ქართველმა ოპოზიციონერებმა ქვეყნის რუკაზე „თავისუფლების კუნძული“ იპოვეს
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ბოლო დღეებში წალენჯიხა საქართველოს ყველაზე პოპულარულ მუნიციპალიტეტად იქცა და აქ სულაც არ არის ტურიზმზე ან რაიმე მასშტაბურ პროექტზე საუბარი.
მას შემდეგ, რაც ცესკომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოაცხადა და გაირკვა, რომ ოპოზიციამ მერის არჩევნებში მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა, ყველამ დაიწყო საუბარი ამ რაიონზე, რომლის მოსახლეობა 25 ათას კაცს შეადგენს.
არჩევნები 2021
საქართველოში ერთადერთ ოპოზიციონერ მერს „ოცნების“ კანდიდატმა წარმატება უსურვა
აქ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია ხარჩილავამ დაამარცხა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გოგა გულორდავა. მართალია, სხვაობა მინიმალური იყო - 51,11% vs 48,89%.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ წალენჯიხას „თავისუფლების კუნძული“ უწოდა და ის სერიოზულად განიხილავს იქ თბილისის კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ფილიალის გახსნას, რომელიც მან ჯერ კიდევ 1996 წელს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დააარსა.
„არ აქვს ამას მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებთ - თბილისში თუ ზუგდიდში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა, რადგან „თავისუფალი კუნძულია“ და განვითარება უფრო შეიძლება“, - განაცხადა ანზორ მელიამ ერთ-ერთ აქციაზე, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
არჩევნები 2021
მერების არჩევნების შედეგები - პირველი და მეორე ტურის შედარება
სამეგრელოში გადასვლაზე ფიქრობს ასევე პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბანკირი მამუკა ხაზარაძე.
„მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში. უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად“, - განაცხადა ხაზარაძემ.
სამეგრელოში გადასახლებას ფიქრობს ასევე ბიზნესმენი, Coca-Cola-ს ქარხნის და McDonalds-ის რესტორნების ქსელის მეპატრონე თემურ ჭყონიაც. მისი თქმით, როგორც კი ახლადარჩეული მერი მოვალეობების შესრულებას შეუდგება, ის წალენჯიხაში გაემგზავრება და გარემოს შეისწავლის.
„შესწავლა სჭირდება და მაინტერესებს, რა შეიძლება მოხდეს ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით - ეს ბიზნეს აზარტია“, - განუცხადა ჭყონიამ ჟურნალისტებს.
ბოლო დღეებში წალენჯიხა მოიარა პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. „ვრჩები“, - მიაწერა წალენჯიხაში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოს პოლიტიკოსმა. მაგრამ იქ დარჩენის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციის აქციების მჭიდრო განრიგი - ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისი...
თავად წალენჯიხის რაიონი განსაკუთრებულ ყურადღებას ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების გარეშეც იმსახურებს. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის ადგილმდებარეობას წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ჯვართან მდებარეობს ენგურჰესი - საქართველოში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური და აფხაზეთის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო.
არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს ტერიტორიის ბუნება. ზღვის დონიდან 222 მეტრზე გამოირჩევა ინწირას ჩანჩქერი და ბზის კორომები, თვალწარმტაცი სქურის ხეობა, ტობავარჩხილის ტბა (ვერცხლის ტბა) და რამდენიმე უძველესი მართლმადიდებლური ტაძრის ნანგრევები.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ბიზნესმენები ჰპირდებიან მოსახლეობას: ახალი „თავისუფლების კუნძულის“ ტურისტული და ბიზნეს-პოტენციალი სულ მალე გამოვლინდება.