კიდევ ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო

შიმშილობის პერიოდს პოლიტიკოსი გაატარებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდის რაიონში ირაკლი გოგუაძემ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
შიმშილობის პერიოდს გოგუაძე გაატარებს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. პოლიტიკოსი შიმშილობის გაგრძელებას აპირებს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ოთხშაბათ საღამოს შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მან უარი თქვა საკვებზე და მიიღებს მხოლოდ წყალს მანამ, სანამ სააკაშვილს რუსთავის №12 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
„არასოდეს“: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილს
სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.