COVID-19 - ბოლო ცნობები

კახა კალაძემ პრეზიდენტს ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინიციატივა მოუწონა

კალაძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.
Sputnik
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით მხარს უჭერს.
კალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოთხშაბათს გაკეთებული განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
სავალდებულო ვაქცინაცია, ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის - ზურაბიშვილის თვალსაზრისი
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ვაქცინაციის საკითხზე რამდენიმე ინიციატივა გამოთქვა, მათ შორის იყო აუცრელი პირებისთვის ფასიანი მკურნალობის დაწესება, რისკ-ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია. მისი განცხადებით, პანდემიის პირობებში პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, განსაკუთრებით კი მთავრობას, თავად მას, ექიმებს, საპატრიარქოს, მასმედიას და მოქალაქეებს.
კალაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მიმართულებით საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და ამ პროცესში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს.

„სახელმწიფომ ყველანაირად იზრუნა იმისთვის, რომ ვაქცინები მოემარაგებინა, შემოეტანა და ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს... ესაა (ვაქცინაცია) ყველაზე კარგი საშუალება, რომ სიკვდილისგან გვიხსნას... მილიონზე ცოტა მეტი ადამიანია აცრილი, რაც ძალიან ცოტაა და უნდა მოვუწოდოთ მეგობრებს, ჩვენს ახლობლებს, რომ მაქსიმალურად ავიცრათ, რათა დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზიდენტმა გუშინდელ ბრიფინგზე ასევე მიმართა მედიას, მეტი დრო დაუთმოს პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გაშუქებას, ხოლო საპატრიარქოს მოუწოდა, მრევლს ვაქცინაციასთან დაკავშირებით მკაფიო მითითება მისცეს.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის – იმნაძე პრეზიდენტის ინიციატივას პასუხობს
ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა ეპიდემიოლოგები ემხრობიან სავალდებულო ვაქცინაციას გარკვეული კატეგორიის პირებისთვის. პრემიერ-მინისტრმა კი არაერთხელ განმარტა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში იძულებით ვაქცინაციას.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ც შეუძლიათ აირჩიონ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაციის სიკეთეები ციფრებში – რა სტატისტიკა აქვს ამირან გამყრელიძეს
სექტემბერ–ოქტომბერში ვაქცინაციის ტემპმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ბოლო ორ თვეში აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ აჭარბებდა.
4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.990.501 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.041.751 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 36,7%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 946.395 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,1%. სპეციალისტების განცხადებით, პანდემიის დაძლევა შესაძლებელია ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაციის შემთხვევაში.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირების 5.206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 738.171 შემთხვევა დაფიქსირდა; კორონავირუსმა 10.238 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.