თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. საპროტესტო აქცია ზუგდიდის რაიონული ადმინისტრაციის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დამთავრდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც უკვე 35 დღეა პატიმრობაშია და შიმშილობს. აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო.
აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის შენობაში შესვლა ნახვაწით – ღომის ქერქით უნდოდათ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო.
როგორც პარლამენტის დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, ნახვაწა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სიმბოლოა.
წითლიძის თქმით, ისინი „ქართულ ოცნებას“ დაჰპირდნენ, რომ სამეგრელოში და ზუგდიდში ისინი თავს მშვიდად ვერ იგრძნობენ, ყველგან შეხვდებიან წინააღმდეგობის კერებს.
„წუხელ ეს წინააღმდეგობის კერა ჰქონდათ აქ, როცა ჩვენი ატანა და მთელი ღამის გათენება მოუწიათ. დილით, როცა იყო შეხლა-შემოხლა და არ შეგვიშვეს გუბერნიის შენობაში, მათი სიმბოლო – ნახვაწა მივიტანეთ. ყოველ საღამოს გუბერნიის შენობასთან, პოლიციასთან, მერიასთან, საკრებულოსთან, ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან მოუწევთ მათ ღამეების გათევა", – განაცხადა ანა წითლიძემ.
ზუგდიდში ოთხშაბათს გაიმართა მიტინგი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. შეკრებილებმა ასევე გააპროტესტეს ადგილობრივი არჩევნების შედეგები.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.