არჩევნები 2021

ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს მიმართა

ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს უკვე მეორედ მიმართა.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს სადეპუტატო მანდატის შეჩერების განცხადებით ოფიციალურად მიმართა.
ჯაფარიძის განცხადება უკვე გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომისიას განცხადების განსახილველად 15 დღე აქვს, შემდეგ საკითხი გადაეცემა პლენარულ სხდომას, სადაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის განცხადებით პარლამენტს უკვე მეორედ მიმართა. მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტში ის, წესით, უნდა ჩაანაცვლოს ჰერმან საბომ, რომელიც „გირჩის“ სიის მომდევნო ნომერია.
გამოაცხადეთ ბოიკოტი, უარი არ თქვათ სადეპუტატო მანდატებზე – სააკაშვილი თანაპარტიელებს
მანამდე პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარის შესახებ განაცხადეს „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რადგან, მათი თქმით, ისინი გაყალბებულია. ოპოზიციამ უკვე დააანონსა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.
30 ოქტომბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მოუწოდა თავის თანამოაზრეებს, პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვონ. თუმცა მეორე დღეს სააკაშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა, უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე და მხოლოდ პარლამენტის ბოიკოტით შემოიფარგლონ.
ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.