ხელისუფლების დამხობის მცდელობები აღიკვეთება – უსაფრთხოების სამსახური

სოციალურ ქსელებსა და მასმედიაში ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადებები და მოწოდებები რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაა, არის დანაშაული და საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები მათზე შესაბამის რეაფირებას მოახდენენ, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს ასეთი მოწოდებები გახშირდა და უსაფრთხოების სამსახური კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას გამოიყენებს, რათა აღკვეთოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული მოქმედებები.
„ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასეთი ქმედებები სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, აღნიშნულია განცხადებაში.
სუსმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ განაცხადა>>
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სუსში ასევე აღნიშნეს, რომ ამჟამად უწყება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შესაძლო შეთქმულების საქმეს იძიებს.
გამოძიების მონაცემებით, საქმის ფიგურანტები დესტაბილიზაციისთვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან შესაძლო გადაყვანის გამოყენებას აპირებდნენ.
რატომ გამოქვეყნდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის სამხილები: სუს-ის განმარტება
სუსის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში (29 ოქტომბერს) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო წერედიანი და სხვა პირები სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის დროს გზების გადაკეტვის, სახელმწიფო დაწესებულებების დაბლოკვისა და შტურმის გეგმას განიხილავენ.
საქმის ფიგურანტები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ეტაპობრივად დაიკითხებიან.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა.