თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,6%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,1%-ით შემცირდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2021 წლის სექტემბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,1167-დან 3,1155-მდე, ანუ 0,4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0,1%-ით გაუფასურდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
2021 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 7,3%-ით გაიზარდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 2,6%-ით.
სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12,3% შეადგინა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს რაც შეეხება, ამაზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ თურქეთში იყო – 19,6%. დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა უკრაინაში – 11%, ბელარუსში – 10,2%, სომხეთში – 8,9%, აზერბაიჯანში – 8,5%, რუსეთში – 7,4%, , აშშ-ში – 5,4% და ევროზონაში – 3,4%.
სექტემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წლის ცხრა თვეში რეგულატორმა ცხრა აუქციონზე ჯამში 332,9 მლნ დოლარი გაყიდა.