სააკაშვილი „პოსტსაარჩევნო რევოლუციას" აანონსებს

მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველო პოსტსაარჩევნო რევოლუციის ზღვარზეა, ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე გავრცელებულ წერილში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
„30 ოქტომბერს საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა – ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!“ – ნათქვამია წერილში.
მშვიდობიან რევოლუციაზე მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას სხვა არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ უზრუნველყოს რეჟიმის სრული იზოლაცია, რომ მმართველ პარტიაზე უარი თქვას ყველა მოქალაქემ. ბარამიძემ დააანონსა კარვები, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები.
გამოაცხადეთ ბოიკოტი, უარი არ თქვათ სადეპუტატო მანდატებზე – სააკაშვილი თანაპარტიელებს
ბარამიძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს მმართველ პარტიაში და აღნიშნეს, რომ არ დაუშვებენ არეულობას.
30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდგას სათავეში, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბდა.
2 ნოემბერს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე.
სააკაშვილის განცხადებით, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მისი მომხრე დეპუტატები ექს-პრეზიდენტს საპატიმროში ვეღარ მოინახულებენ და მას ინფორმაციის წყარო აღარ ექნება.