ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა

ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდებიან თუ არა ხოშტარიას სხვა ოპოზიციონერები.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.
როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის უარს ამბობს საკვებზე მანამ, სანამ რუსთავის ციხეში მყოფ სააკაშვილს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

„იქ რომ გადავა (სამოქალაქო კლინიკაში) და ექიმები იტყვიან და თავად იტყვის, რომ მის ჯანრმთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაშინ შევწყვეტ შიმშილობას“, – განაცხადა მან.

დეპუტატის თქმით, მან პროტესტის ადგილად პარლამენტი შეარჩია, რადგან ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ის არ აღიარებს.
სააკაშვილი 34-ე დღეა შიმშილობს. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად საუბრობენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლება სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზეა თანახმა.
როგორ გრძნობს თავს სააკაშვილი? პენიტენციური სამსახურის განცხადება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.