მხოლოდ არა დისტანციურად – სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.
Sputnik
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თუ სასამართლოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესის დისტანციურად გამართვაზე იქნება შემოთავაზება, დაცვის მხარე უარს იტყვის, განაცხადა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ეს კიდევ ერთი საქმეა სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს შორის. ორ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
ადვოკატის თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.

„34 დღე გავიდა (სააკაშვილის დაკავების დღიდან), სასამართლო პროცესი კი მის საქმეზე ჯერ არ გამართულა. მას თავისუფალი სასამართლოს უფლება წაართვეს. თუ სასამართლოს დისტანციურად გამართვას ეცდებიან, ჩვენ უარს ვიტყვით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ პროცესი „ლაივში“ უნდა ჩაატარონ“, – განაცხადა გელხაურმა.

ექს-პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს.
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.