თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული გენდერის ნიშნით ძალადობის, წამებისა და მუქარის ფაქტებზე დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 24 თებერვალს ბრალდებული მამაკაცი საკუთარ სახლში მეუღლეს 4-5 საათის განმავლობაში სცემდა და აწამებდა. როგორც გაირკვა, მამაკაცი საკუთარ მეუღლეს სხვა მამაკაცებთან მეგობრობას, მათთან მიმოწერას და საკუთარი ფულადი სახსრების დამოუკიდებლად განკარგვას უკრძალავდა. ბრალდებული ცოლზე რამდენიმე საათის განმავლობაში ღალატის ფაქტის აღიარების მიზნით ფიზიკურად ძალადობდა, შემდეგ კი მეუღლის ოჯახში მივიდა, სადაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდა ცოლის ძმას, მამას და იარაღის დემონსტრირებითა და გასროლით მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის წამების, ძალადობის, მუქარის, ოჯახში ძალადობის მუხლებით წარედგინა.
ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.