თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა და მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა რუსთავის ციხესთან, სადაც სასჯელს მიხეილ სააკაშვილი იხდის, ყოველდღიური აქციების ჩატარება გადაწყვიტეს.
ამ წუთებში რუსთავის ციხესთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას მოთხოვენ და ხელისუფლებას პროტესტს უცხადებენ.
„რუსთავის ციხესთან შევიკრიბეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით, ეს არის – თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს... მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
ორგანიზატორების განცხადებით, ციხის შენობასთან მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველდღიურად გაიზრდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. მისი შიმშილობა 33-ე დღეა გრძელდება.