თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობა დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი ქალაქის რკინიგზის სადგურს მიმდინარე თვის ბოლომდე დაუკავშირდება და მგზავრების მიღებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
„სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
უწყების ცნობით, რკინიგზის ახალ სადგურს კომპანია „ინჟმშენი 96“ აშენებს, რომელთანაც „საქართველოს რკინიგზას“ 1,247 მლნ-იანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
პროექტის ფარგლებში განახლდა სადგურის შენობა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ბაქნებზე მოეწყობა კიბე, პანდუსი, მოსაცდელი სივრცეები დეკორატიული სკამებითა და გადახურვით, აღნიშნავენ უწყებაში.
ასევე, სამინისტროს ცნობით, ორივე ბაქანზე დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები (ტაბლოები). დაგეგმილია საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და გაფართოება. ხიდზე დამონტაჟდება სამი ლიფტი, რაც უზრუნველყოფს შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის. რკინიგზასა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ. შატლები გადაიყვანენ.
ქუთაისში რკინიგზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალამდე მატარებლით მგზავრობის საშუალებას მისცემს, 2017 წელს დაიწყო.