მარიამ მალაყმაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. თავისუფალ დროს კულინარიის პროფესიულ დონეზე ათვისებას ახერხებს. ამასთან ფსიქოლოგიითაცაა გატაცებული, ამდენად, მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ამ სამი სფეროს შეხების მომენტებითაც დაინტერესდეს...
მარიამ მალაყმაძე
© courtesy of Mariam Malakmadze
- მარიამ, თქვენ მითხარით, კულინარია ბავშვობიდან მიყვარსო, როგორ ავლენდით ამ ნიჭს?
- როცა სხვა ბავშვები თოჯინებით თამაშობდნენ, მე ბალახებისგან, ქვიშისა და ფოთლებისგან სხვადასხვა „კერძებს ვამზადებდი“. მაშინ ეს მეც და ჩემს მშობლებსაც უბრალოდ ბავშვურ თამაშად მიგვაჩნდა. თუმცა მომავალში გაირკვა, რომ ეს გართობა სერიოზული საქმიანობის წინაპირობა ყოფილა. ყოველთვის ვბაძავდი დედას, რომელიც შესანიშნავი კულინარია. ის როგორც დესერტებს, ასევე კერძებსაც იდეალურად ამზადებს.
- კერძების დამზადება უფრო გიყვართ თუ დესერტის, უფრო კარგად რომელი გამოგდით?
- ძირითადად კონდიტერია მიტაცებს, მაგრამ თუ დავუჯერებთ ჩემს მეგობრებს, კონდიტერიაც და კერძების მომზადებაც თანაბრად კარგად გამომდის. მიხარია, რომ ჩემს კერძებს სიამოვნებით მიირთმევენ. ჩემი მომზადებული უცხოური კერძებიდან ყველაზე მეტ ქათინაურს სუში იმსახურებს, ქართული კერძებიდან - ხინკალი.
- ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობთ, სამომავლო საქმიანობა როგორ წარმოგიდგენიათ?
- დიდი დრო დამჭირდა იმაზე ფიქრისთვის, თუ რა პროფესია უნდა ამერჩია და მესწავლა. სკოლის პერიოდიდან მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა აქტივობებში, რაც ალბათ მომავალი პროფესიის შერჩევაშიც დამეხმარა. დიდი სურვილი მაქვს, რომ ელჩის საქმიანობა შევისწავლო და სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ჩემს ქვეყანას ამ კუთხით მოვუტანო სარგებელი. ყურადღების გამახვილება მინდა ისეთ თემაზე, როგორიცაა „სამართალი და ურთიერთობები“. არაერთ საერთაშორისო პროექტში ვიყავი მიწვეული.
- მათგან ყველაზე გამორჩეული რომელი იყო?
- გამორჩეული იყო მოწვევა დიდი ბრიტანეთიდან, სადაც ახალგაზრდა დიპლომატთა შეკრება მოეწყო. იმ შეკრებაზე თითოეული ჩვენგანი წარმოადგენდა სხვადასხვა ქვეყნის sexurity council-ს ან UNDP-ს და მე მომიწია ვყოფილიყავი გერმანიის წარმომადგენელი. ეს კონფერენცია ბრიტანეთის რეჯენტის უნივერსიტეტში ტარდებოდა და მე პროგრამა 100%-ით დამიფინანსდა. ასევე დაინტერესებული ვარ ფსიქოლოგიით. მართალია, ჯერჯერობით ამ განხრით პრაქტიკული გამოცდილება არ დამიგროვებია, მაგრამ მომავალში სურვილი მაქვს, რომ ეს სფეროც პროფესიონალურ დონეზე ავითვისო, რათა ადამიანებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენა შევძლო.
- ისევ კულინარიით თქვენს გატაცებას დავუბრუნდეთ, საავტორო კერძი ან საიდუმლო რეცეპტი ხომ არ გაქვთ?
- მე და დედას გვაქვს ჩვენი პატარა კულინარიული საიდუმლო, რითიც ვახერხებთ, რომ ჩვენი მომზადებული ნამცხვრები გემოთი სხვებისგან გამორჩეული იყოს. ამ პატარა საიდუმლოს მომავალში აუცილებლად გავუმხელთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე კი მიხარია, რომ სოციალურ ქსელებში გამოტანილ ჩემს კერძებს და რეცეპტებს დიდი მოწონება აქვს. ყველაზე ბევრი მოწონება დაიმსახურა ჩემ მიერ გაკეთებულმა სუშის ფოტოებმა. ყველამ აღნიშნა, რომ ის ესთეტიკურად კარგი სანახავია და მადის აღმძვრელად გამოიყურება.
- როგორია თქვენი რჩეული კერძი და გემო?
- ჩემი რჩეული კერძია ატრია ქათმით და აზიური სოუსებით. აქ ძალიან ბევრი გემო „თამაშობს“ და სწორედ გემოთა ეს მონაცვლეობა მომწონს, განსაკუთრებით – ქათმისა და მაყვლის ერთობლიობა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ხილი და ხორცი საუკეთესო კომბინაციაა ერთმანეთის დასაბალანსებლად. ყველაფერი გემოვნების საკითხია...
- ვიცი, რომ „მასტერ-შეფიდან“ გქონდათ შემოთავაზება...
- დიახ, ტელევიზიის „პირველი არხიდან“ დამიკავშირდა „მასტერ-შეფის“ წარმომადგენელი და მითხრა, რომ აღფრთოვანებულია იმ ფოტოებით, რომლებსაც ვათავსებ კულინარიულ ჯგუფში „რეცეპტორი". მითხრა, რომ იმ გადაცემაში მონაწილეობისთვის შესაფერისი კანდიდატურა ვარ. იმ ეტაპზე ეს არ გამოვიდა, რადგან ძალიან დაკავებული ვიყავი. თუმცა ამ პოპულარულ შოუში მიწვევის ფაქტი უკვე ბევრს ნიშნავს.
- წარმომიდგენია, მომავალი დედამთილებისთვის როგორი სასურველი საპატარძლო ხართ...
- როდესაც ჩემს კერძებს აგემოვნებენ, ქალბატონების, უცოლო ვაჟის დედების პირველი რეაქცია და კითხვა სწორედ ეგ არის: გათხოვილი ვარ თუ არა? ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ეჭვი ეპარებოდათ, ნამდვილად ჩემი მომზადებულია თუ ვყიდულობ და მერე ფოტოებს ვუღებ. არადა, 13 წლიდან ყველაფერს თითქმის პროფესიონალურ დონეზე ვამზადებ, მაგრამ უჭირთ ამის დაჯერება.
- როგორია თქვენი „კულინარიული“ ოცნება?
- ჩემი მთავარი ოცნება სწორედ კულინარიას უკავშირდება. მინდა მქონდეს საკუთარი რესტორანი, ასევე სურვილი მაქვს მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურო და უცხო ქვეყნების სამზარეულო კარგად შევისწავლო. სამზარეულო ხომ ამა თუ იმ ერის კულტურისა და ისტორიის ნაწილია...