ღვინის საერთაშორისო კონკურსში ბოლნისურმა ღვინოებმა წარმატება მოიპოვეს

კონკურსში 26 ბოლნისური მარანი 36 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ბოლნისური ღვინოები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს, ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა 30-31 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" (Expo Georgia) გაიმართა. გამოფენის ფარგლებში კი 29-30 ოქტომბერს ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.
კონკურსში 26 ბოლნისური მარანი 36 სახეობის ღვინით იყო წარმოდგენილი, მათგან 21-მა მედლები დაიმსახურა.
Expo Georgia-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ჟიურიმ, ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ღვინოები რვა კატეგორიაში გამოავლინა.
„მსგავსი ღონისძიებები ჩვენს მეღვინეებს საშუალებას აძლევს თავიანთი პროდუქცია არა მარტო დარგის ექსპერტებს წარუდგინონ, არამედ შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ღვინის რეალიზაციას ახორციელებენ. მსგავსი შესაძლებლობები კი გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციას ხელს უდავოდ შეუწყობს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა და კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.