გამოაცხადეთ ბოიკოტი, უარი არ თქვათ სადეპუტატო მანდატებზე – სააკაშვილი თანაპარტიელებს

ჯერ კიდევ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს მოუწოდა, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე.
ექს-პრეზიდენტის თანაპარტიელებისადმი მიმართვა ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო, რომელმაც სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მოინახულა.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილმა ასეთი გადაწყვეტილება ორი მიზეზით მიიღო. პირველი: წინ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვაა, რომელზეც არის დამოკიდებული 2024 წლის არჩევნების ჩატარება. მეორე – სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მისი მომხრე დეპუტატები სააკაშვილს საპატიმროში ვეღარ მოინახულებენ და მას ინფორმაციის წყარო აღარ ექნება.

„ის, რომ მე დღეს მასთან ვიყავი, ამის შესაძლებლობა მე პარლამენტის დეპუტატის მანდატმა მომცა. ეს შესაძლებლობა მთლიანად მოკვდება და ის ხედავს ძალიან დიდ რისკს იმაში, როდესაც მას თანაგუნდელებთან კომუნიკაციის გზა მთლიანად ეჭრება“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს, მაგრამ უარს არ ამბობს სადეპუტატო მანდატებზე იმ დრომდე, ვიდრე ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები არ იქნება მიღებული.
ხერხეულიძის თქმით, ამაში სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციები ერთიანია.
გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ოფიციალურად არ მიუმართავთ – რას აცხადებენ პარლამენტში
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, სააკაშვილი „ძალზე დასუსტებულია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს“.
მიხეილ სააკაშვილი 33-ე დღეა შიმშილობს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი იქნება 2%, ნაცვლად 5%-ისა, როგორც ამას მოქმედი ვერსია ითვალისწინებს. ამასთან პროპორციული არჩევნების პრინციპი უცვლელი დარჩა.
გარდა ამისა, ცვლილებებში გათვალისწინებულია შესწორებები ფრაქციების შემადგენლობაში. თუ მოქმედი რედაქციით ფრაქციის დაკომპლექტებისთვის საჭიროა შვიდი დეპუტატი, ინიცირებული გარდამავალი დებულებით შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.