თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ფილტვის კიბო შეიძლება განვითარდეს ფილტვების ან სასუნთქი გზების ნებისმიერ ნაწილში, დაავადების შემთხვევები ხშირდება ასაკის მატებასთან ერთად, წერს გამოცემა Daily Exspress-ი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე (NHS) დაყრდნობით.
NHS-ის სპეციალისტების თქმით, დაავადების ადრეულ სტადიაზე, როგორც წესი, ავადმყოფობის ნიშნები შეუმჩნეველია და ისინი დაავადების პროგრესირებასთან ერთად იჩენს თავს. თუმცა მათ დაადგინეს ფილტვის კიბოს ადრეული და ნაკლებად გავრცელებული სიმპტომები, რომლებიც ზოგმა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს.
ამ სიმპტომებს შორისაა:
თითების გარეგნული ცვლილებები, მაგალითად, როდესაც თითები იგრიხება ან თითების წვერები დიდდება;
სახის ან კისრის შეშუპება;
მუდმივი ტკივილი გულ-მკერდის ან მხრების არეში.
რაც შეეხება ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს, ესენია: ხანგრძლივი ხველა, ცვლილებები ხველაში, გულ-მკერდის განმეორებადი ინფექციები, მადის დაკარგვა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება და წონის კლება.