თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას გააგრძელებს, განაცხადა EBRD-ს პრეზიდენტმა ოდილ რენო–ბასომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
EBRD-ს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრა გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„EBRD-ს დახმარებით საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა 4 მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე“, – დაწერა ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
საქართველო EBRD-ს ინვესტიციების ერთ-ერთი მსხვილი მიმღებია. დღეისათვის ქვეყანაში მიმდინარე 250-ზე მეტ პროექტში 4 მლრდ ევროა ჩადებული, პორტფელის 87% კერძო სექტორზე მოდის.
EBRD-ს პრეზიდენტმა ბანკის პრიორიტეტებად დაასახელა კერძო სექტორის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ოდილ რენო–ბასომ ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ აუცილებელია კონცენტრირება განვითარების დღის წესრიგზე.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევები და ბანკის როლი როგორც მათზე სათანადო რეაგირების კუთხით, ისე პოსტპანდემიურ ეტაპზე ეკონომიკის აღდგენის პროცესში.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლო კონკრეტული მიმართულებები, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტია.
EBRD მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში. ბანკმა 2020 წელს საქართველოში 16 პროექტში დაახლოებით 630 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ბანკმა კერძო სექტორის კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის მხარდასაჭერად საგანგებო ლიკვიდურობა უზრუნველყო და საბრუნავი კაპიტალი გამოყო.