თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. მენაშენეების პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართების შესყიდვა თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში იგეგმება.
კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. კომისიის სხდომას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა საკონკურსო წინადადებები დევნილთა სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში უნდა წარადგინონ.
საკონკურსო წინადადებების მიღება 2021 წლის 31 დეკემბერს, 18:00 საათზე მთავრდება.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. აქედან თბილისში 37,8 ათასი დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე, კომისია მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს. ამის შემდეგ კომისიის წევრები თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობენ.
ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კომპლექსებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.