არჩევნები 2021

ცესკომ ამომრჩეველთა ხმები გადათვალა: შეიცვალა თუ არა მონაცემები?

უმეტეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა.
Sputnik
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამომრჩევლების ხმები 201 უბანზე გადათვალეს, არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
გადაწყვეტილება ხმების გადათვლის შესახებ ცესკომ მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარების არჩევნების მეორე ტურის მეორე დღეს, 31 ოქტომბერს მიიღო. კომისიები ყოველ ოლქში შვიდ უბანს ამოწმებდნენ.
კალანდარიშვილის თქმით, მერის არჩევნებთან დაკავშირებით სულ გადაითვალა 194 უბანი. 172 უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში იყო უმნიშვნელო შესწორებები, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
ცესკო ბიულეტენებს ითვლის – რა ხდება სპორტის სასახლეში
რაც შეეხება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს სხვადასხვა ოლქებში, აქ ცესკომ 33 საარჩევნო უბანი გადათვალა. 27 მათგანში შედეგები უცვლელი დარჩა, სხვა შემთხვევებში კი შესწორებები ასევე უმნიშვნელო იყო და არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
კალანდარიშვილის თქმით, ხმების გადათვლა ამით არ დასრულებულა. ცესკომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება – გადაითვალოს ისეთი ორ-ორი უბანი, რომლებზეც 300 ამომრჩეველზე ნაკლები იყო და სადაც ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა.
არჩევნები სულ 1,8 ათას საარჩევნო უბანზე ჩატარდა. შედეგების თანახმად, 20-დან 19 ქალაქში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო წალენჯიხაში – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საქართველოს დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაგეგმა. პირველი აქცია ბათუმში დღეს, 2 ნოემბერს გაიმართება.