თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. თუ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 37 დეპუტატი დატოვებს, პარლამენტში შეიძლება ჩავარდეს კონსტიტუციაში შესწორებების პროექტი, რომელიც საარჩენო სისტემის ცვლილებებს ითვალისწინებს.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ცნობაზე და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. დაანონსებული მასობრივი ქუჩის აქციების ფონზე ოპოზიციონერი დეპუტატები ერთიმეორის მიყოლებით უარს ამბობენ თავიანთ მანდატებზე, თუმცა პარლამენტისთვის ოფიციალურად ჯერ არავის მიუმართავს.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს. კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად აუცილებელია 112 ხმა, რადგან ამჟამად პარლამენტში 149 დეპუტატი ირიცხება.
ოპოზიციას პარლამენტში ჯამში 65 ადგილი აქვს, საიდანაც თითქმის ნახევარი (31) „ნაციონალური მოძრაობისაა“. მანდატებზე უარი უკვე განაცხადეს „ნაცმოძრაობიდან“ ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მიბაძავენ თუ არა მათ სხვა ოპოზიციონერები, ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ციხეში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები
საქართველოს პარლამენტმა 7 სექტემბერს პირველი მოსმენით, 126 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო პროექტი „კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
შესწორებების პროექტის თანახმად, შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში გამსვლელი ბარიერი იქნება 2%, ნაცვლად5%-ისა, როგორც ამას მოქმედი ვერსია ითვალისწინებს. ამასთან, პროპორციული არჩევნების პრინციპი უცვლელი დარჩა.
შესწორებების პროექტი კენჭისყრაზე წარდგენილი იყო იმ პუნქტის გარეშე, რომელიც ითვალისწინებს გენერალური პროკურორის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
გარდა ამისა, ცვლილებებში გათვალისწინებულია შესწორებები ფრაქციების შემადგენლობაში. თუ მოქმედი რედაქციით ფრაქციის დაკომპლექტებისთვის საჭიროა შვიდი დეპუტატი, ინიცირებული გარდამავალი დებულებით შემდეგი ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება ოთხი დეპუტატი.
გენერალური პროკურორის არჩევის წესი კი დისკუსიის საგნად რჩება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 91 დეპუტატის ინიციატივას წარმოადგენს.