ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

ოპოზიციური პარტიებიდან მეორე ლიდერმაც გადაწყვიტა საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.
ოპოზიცია: არავის ჰქონდეს ილუზია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას ვაღიარებთ
კვირას ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. მანამდე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შაბათს გამართული ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური „ტოტალურად გაყალბდა“.
აღსანიშნავია, რომ დღეს ოპოზიციონერებს პარლამენტის დატოვებისკენ ციხეში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა. მისი თქმით, „პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია“. მისი აზრით, ოპოზიციონერებმა უნდა „მიბაძონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ“.
პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. ხაზარაძემ ოპოზიციის აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობამ მისთვის აზრი დაკარგა, ამიტომ ის გამოდის პარლამენტიდან. პოლიტიკოსმა ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციის ქუჩის აქციებში მონაწილეობის გზით გადაწყვიტა.