თბილისის ეროვნული გალერეა განახლდა - ფოტო

გალერეა დამთვალიერებელს 2 ნოემბრიდან ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენაზე უმასპინძლებს
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა, აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს Facebook-გვერდზე.
უწყების ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების შედეგად სამი საგამოფენო დარბაზი, მათ შორის, ფიროსმანის დარბაზი, მთლიანად გარემონტდა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად და ამიერიდან ექსპონატები ახალ, კარგად აღჭურვილ შენობაში გამოიფინება. ასევე, გაიწმინდა ყველა ვიტრაჟი გალერეაში შესაბამისი ბუნებრივი განათების მისაღებად.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ გალერეას შორის თანამშრომლობის შედეგად წელს ეროვნული გალერეის ახალი საგამოფენო პოლიტიკა განისაზღვრა. კერძოდ, საგამოფენო სივრცე გაიხსნა სხვადასხვა თაობის თანამედროვე მხატვრებისთვის და ამგვარად, ეროვნულმა გალერეამ მთლიანად დაიბრუნა თავდაპირველი ფუნქცია.
ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეების განახლება 9 სექტემბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდა. მთავარი პრობლემა, რის გამოც რემონტი გაკეთდა, იყო წვიმისგან დაზიანებული კედლები. ბოლოს გალერეა 2011 წელს შეკეთდა, ხოლო გაწმენდითი სამუშაოები 2019 წელს ჩატარდა.
განახლებული ეროვნული გალერეა 2 ნოემბერს გაიხსნება გამოფენით, რომელიც ერთ საგამოფენო სივრცეში ორი დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებას წარმოადგენს.
საქართველოში ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის პირველი ლაბორატორია გაჩნდება
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების განახლებული გამოფენისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან შეირჩა 20 ნამუშევარი, რომელიც მხატვრის შემოქმედების ფართო ჟანრობრივ დიაპაზონს წარმოაჩენს. ქართველი გენიოსი-პრიმიტივისტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დამთვალიერებლები შეიტყობენ აუდიოტურის მეშვეობით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.
ეროვნული გალერეის მეორე დარბაზი ამიერიდან დაეთმობა ნიკო ფიროსმანის მუდმივმოქმედ გამოფენას, რომელიც პერიოდულად განახლდება.
რაც შეეხება ირაკლი ფარჯიანს, წარმოდგენილი იქნება მისი 80 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) სამუზეუმო და კერძო კოლექციებიდან. მათი ნაწილი (30 ნამუშევარი) პირველად გამოიფინება.