თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ბარსელონიდან პირველი ავიარეისი მიიღო.
კორონავირუსის პანდემიის გამო ორ ქალაქს შორის ავიამიმოსვლა 2020 წლის გაზაფხულზე შეწყდა. მიმოსვლის განახლების შემდეგ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) კვირაში ერთხელ შეასრულებს.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, საქართველოდან ესპანეთში ტურისტულად გამგზავრებას მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული მოქალაქეები შეძლებენ. საზღვარზე აღნიშნულმა პირებმა უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-ბარათი, QR-კოდით).
ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება საიტზე www.spth.gob.es/create და მიღებული QR–კოდის საზღვარზე წარდგენა.
2 ნოემბრიდან ავიაკომპანია ასევე პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს ვენის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.