თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ირანული ავიაკომპანიები Zagros Airlines და Qeshm Airlines საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებენ, ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული ფრენები ორივე ავიაკომპანიის მიერ თეირანი-თბილისი-თეირანის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
Zagros Airlines-ის რეისები თბილისსა და თეირანს შორის დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
რაც შეეხება Qeshm Airlines-ს, ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაუმტკიცა მოთხოვნილი შვიდი სიხშირე, რომელთა ათვისებასაც Qeshm Airlines ეტაპობრივად გეგმავს. კერძოდ, ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 ნოემბრის ჩათვლით რეისები შესრულდება კვირაში ორი სიხშირით, 15 ნოემბრის შემდეგ - კვირაში ოთხი სიხშირით. ყოველდღიურ ოპერირებაზე გადასვლას Qeshm Airlines სეზონის მიმდინარეობისას განიხილავს.
ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე მიანიჭა.
ამჟამად საქართველოს საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს. საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით, გაიკეთონ განმეორებითი ანალიზი ჩამოსვლიდან მესამე დღეს. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლა დაუბრკოლებლად ხდება, თუ ის სრულად ვაქცინირებულია და შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენს.