COVID-19 - ბოლო ცნობები

გერმანიამ საქართველოს მონოკლონური ანტისხეულები გადასცა

აღნიშნულ მედიკამენტებს ამ დროისათვის მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქვეყანა იყენებს.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის მთავრობამ საქართველოს ანტივირუსული მედიკამენტები, ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები გადასცა, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
მონოკლონური ანტისხეულები იმუნური სისტემის ერთ-ერთი საშუალებაა – ორგანიზმში შეუტიოს უცხო ნივთიერებებს ანტისხეულების გამოყენებით. მას მომავლის თერაპიას უწოდებენ. საქართველოს აქვს მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების გამოცდილება, რადგან ქვეყანა პრეპარატის კლინიკურ გამოცდაში იყო ჩართული.
უწყების ცნობით, დონაცია 3 ათას დოზაზე მეტი „კასირივიმაბისა" და "იმდევიმაბისგან" შედგება. მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ჰოსპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების სამკურნალოდ მოხდება.

„საქართველოში უკვე მზად არის პროტოკოლი, რის მიხედვითაც ჩვენი პაციენტები მიიღებენ მონოკლონურ ანტისხეულებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის ხარისხს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მონოკლონური ანტისხეულების საქართველოსთვის გადმოცემა საქართველოში გერმანიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა მალე დაიწყება
„ეს არის გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი. აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, სადაც დაავადება რთულ ფორმებში მიმდინარეობს“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა.
მედიკამენტები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.
მონოკლონურ ანტისხეულებს სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. ეს ანტისხეულები აბსოლუტური სიზუსტით იღებენ სამიზნეს და ანადგურებენ მას. კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები უკვე შექმნილია და მისი მიზანია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის ნეიტრალიზება. ამ ანტისხეულების გამოცდა აშშ-სა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაიწყო. საქართველო კლინიკური ცდების მონაწილე ქვეყნების სიაში ამერიკელი მეცნიერის, იმუნოლოგისა და ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით მოხვდა.