არჩევნები 2021

ბურჯანაძე დასავლელ პარტნიორებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტებზეც გააკეთა აქცენტი.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ოპოზიციას, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.

„მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს. აქ საელჩოები არის და ყველა ყველაფერს ხედავს. მინდა მივმართო მათ და ვუთხრა: მეგობრებო, ჩვენ ახლა თქვენი დახმარება გვჭირდება... ჩვენ საერთოდ არ გვინდა რევოლუცია, მაგრამ თუ რევოლუცია მოხდა, თუ ჩვენ შევცვლით მთავრობას და ხელისუფლებაში მოვალთ, მაშინ ისინი ჩვენ დაგველაპარაკებიან. ისინი ელაპარაკებიან თალიბებსაც, რადგანაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამბობენ, რომ იძულებული არიან მათ ესაუბრონ... ჩვენ ახლა თქვენი მკაფიო მხარდაჭერა გვჭირდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

პოლიტიკოსმა დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტებსაც გაუსვა ხაზი.
„დასავლელი კოლეგებისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ გეჩვენებათ, რომ ეს ორმაგი სტანდარტია? ბელარუსში არჩევნები გაყალბდა, საქართველოში კი არა? რა უნდა მოხდეს კიდევ?!. ეს არ იყო არჩევნები და ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
არჩევნები 2021
„გვაქვს შენიშვნები“ – ევროკავშირის დიპლომატებმა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური შეაფასეს
ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდგას სათავეში, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, არჩევნების შედეგებზე იმოქმედა გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობამ და იმან, რომ კენჭისყრა ძალადობის, დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფონზე ჩატარდა.
ორშაბათს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ცესკო 196 საარჩევნო უბანზე ხმებს გადაითვლის.