არჩევნები 2021

არჩევნების მეორე ტური: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ბრალი წარედგინა

გამოძიების მონაცემებით, დაკავებულმა მასმედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ თავს დაესხა.
Sputnik
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, რომელიც არჩევნების დღეს მასმედიის თანამშრომლებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 30 ოქტომბერს ტელეკომპანია „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტი და ტელეკომპანია „დიას“ ოპერატორი ქარელში №2 საარჩევნო უბანზე სიუჟეტის გადასაღებად მივიდნენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
ბრალდებულმა ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა მასმედიის თანამშრომლებს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით აიძულა ვიდეოკადრების წაშლა, რათა გადაღებული მასალა არ გამოექვეყნებინათ.

„ვინაიდან დაზარალებულები კვლავ განაგრძობდნენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას, N42 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ბრალდებულმა „მედია მონიტორინგის“ ჟურნალისტს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან) და 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ცემა და სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
არჩევნები 2021
ამერიკის საელჩო არჩევნების მეორე ტურზე: კარგად ორგანიზებული, მაგრამ...
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა. წალენჯიხის გარდა, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატებს, ოპოზიციონერებმა უმრავლესობა ექვს მუნიციპალიტეტში მოიპოვეს.