არჩევნები 2021

რას ჰპირდება ქუთაისს „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ გამარჯვებული მერობის კანდიდატი

ცესკოს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ხმების 51,64% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს - 48,36%
Sputnik
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ქუთაისის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რომელმაც, ცესკოს წინასაწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი დაამარცხა, ქუთაისელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბიუჯეტის გაზრდას და უამრავ ახალ პროექტს შეპირდა.
„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს. ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ...მადლობა მედიას კრიტიკისთვის, თანამშრომლობისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომავალი დღეებიდან გვექნება ძალიან აქტიური და პოზიტიური თანამშრომლობა ისე, როგორც ეს გვქონდა“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქუთაისში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდება.
„რაც შეეხება სამუშაო გეგმებს, ეს იქნება ჩემი და ჩემი გუნდის უახლოესი დღეების მთავარი სამუშაო, რაც მთავარია, უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებული იქნება, მინდა, წინასწარ დავაანონსო და გითხრათ, რომ ბიუჯეტის მატებას ვგულისხმობ და იმ მნიშვნელოვან ახალ პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ვფიქრობ, ქუთაისს 2022 წელს ექნება ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი და ჩვენ თანაქალაქელებთან ერთად ვიზრუნებთ ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის იყო ძალიან „ცუდი“ მისი ოპონენტების მიერ წარმოებული იმ კამპანიიდან გამომდინარე, რომელიც მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
ქუთაისში გიორგი გახარიას პარტიის წევრის მანქანა დააზიანეს
„ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემ მიმართ ჰქონდა კითხვა, რაიმე პრეტენზია, ჩემი საქმიანობით ვაჩვენებ, რომ ამ ქალაქში ეს არჩევანი იყო ყველაზე სწორი“, - განაცხადა ხახალეიშვილმა.
ცესკოს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს ხმების 51,64%, აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ხატია დეკანოიძეს - 48,36%.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.