თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ არჩევნებს ტოტალურად გაყალბებული უწოდა და მხარდამჭერებს თბილისის ცენტრში აქციაზე მოუხმო, რათა ოპოზიციის შემდგომი გეგმები აცნობოს.
მელია დამარცხდა კახა კალაძესთან თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში. ცესკომ უკვე გამოაქვეყნა საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემები.
„გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს არცერთი თავმოყვარე მოქალაქე იმ ყველაფერთან შეგუებას, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, არ აპირებს და აპირებს ძალიან მტკიცე, ურყევ, მშვიდობიანად ბრძოლას“, - განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, არჩევნები „ტოტალური ძალადობის ფონზე“ გაიმართა და „ტოტალურად გაყალბდა“.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერის თქმით, სამოქმედო გეგმების შესახებ კვირას, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ ისაუბრებს.
„იმისთვის, რომ, ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება“, - განაცხადა მელიამ.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.